
გერგეტის მყინვარი - გლობალური დათბობა და სიმართლე მითებს მიღმა
ათწლულების მანძილზე, ორი თაობის მეცნიერი - გიორგი აბულაძე და გიორგი გოცირიძე სისტემატურად იკვლევენ გერგეთის ყინულოვან მასივს. 30 წლის შემდეგ, ვეტერანი გეოგრაფი და გლაციოლოგი ბატონი გიორგი აბულაძე კვლავ დაუბრუნდა 1973 წელს პირველად დაფიქსირებულ ადგილს, რათა გაესინჯა გლობალური დათბობის ზემოქმედებით გამოწვეული ყინულის უკუსვლა. მათი ექსპედიციების აღმოჩენები შემაშფოთებელ და დამაფიქრებელ ინფორმაციას გვაწვდის: 1973 და 2019 წლების პერიოდში გერგეთის ყინულოვანმა მასივმა თითქმის 1 ,000 მეტრით დაიკლო, რაც საშუალოდ წელიწადში 21 მეტრს შეადგენს. ეს ფოტოები კლიმატის ცვლილების პრაქტიკულ, თვალსაჩინო და საგანგაშო სურათს გავძელევენ რა კიდევ ერთხელ კარგად დავფოქრდეთ თუ რა როლი მიგვიძღვის ჩვენ ადამინებს ამ პროცესში და როგორ შეგვიძლია ეს პროცესი მაქსიმალურად შევანელოთ.
https://wildlife.ge/4087/2022/01/
გლობალური დათბობა - სიმართლე მითებს მიღმა! ცოტა რამ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შესახებ (ვისაც არ ეზარება კითხვა, უფრო კარგად გრძნობს თავს)
მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ კლიმატის ცვლილება მომავალი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მთავარი გამოწვევა იქნება. ასევე, ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ტემპერატურამ შეიძლება 2 გრადუსით აიწიოს. ეს კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური დათბობა, თავისი შეუქცევადი პროცესებით, რეალური საფრთხეა დედამიწისთვის.
რა თქმა უნდა, გლობალური დათბობა საქართველოშიც მიმდინარეობს, ამას მოწმობს მყინვარების დნობის პროცესი. ზოგადი მიმოხილვიდან საქართველოში გადმოვინაცვლოთ და მეცნიერებს ექსპედიციაში გერგეტის მყინვარზე მივყვეთ.
მოქმედების ადგილი - გერგეტის მყინვარი;
მდებარეობა: სამთო ქოხი - ალთიჰათი
სიმაღლე - 3014 მ
2 თაობის მეცნიერი, მამა და შვილი - გიორგი აბულაძე და გიორგი გოცირიძე, გერგეტის მყინვარზე ექსპედიციისთვის ემზადებიან. ვეტერანი გეოგრაფი ამ ადგილს 30 წლის შემდეგ უბრუნდება, რათა დააკვირდეს და ფოტოზე აღბეჭდოს რა ცვლილებებს განიცდის მყინვარი გლობალური დათბობის შედეგად.
გიორგი აბულაძე - „1936 წელს დავიბადე, პროფესიით გეოგრაფი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის აერო-ფოტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტი დავამთავრე. პირველი სურათი ამავე ადგილას 1973 წელს გადავიღე, ეს სურათი კი 1979 წლისაა, თუ შევადარებთ, თვალნათლივ დავინახავთ, რამდენად უკან დაიხია მყინვარმა, განსხვავება თვალსაჩინოა“.
გიორგი გოცირიძე - (ფოტოებს აჩვენებს)
„ამ ფოტოებზე ვიზუალურად ჩანს ეს განსხვავება, დღეს ვაპირებთ ძველი, მაგრამ ტრადიციული მეთოდით გერგეტის მყინვარის გადაღებას, რომ სანტიმეტრების სიზუსტით გავზომოთ, რამდენად უკან დაიხია მან. ჩვენი ექსპედიციის მისია ახალი ფოტოს შექმნაა, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას ასახავს“.
საველე სამუშაოები იწყება... რეპორტაჟის გმირები გადაღებისთვის ყველაზე სწორ ადგილს ირჩევენ, რომ მყინვარის ფრონტალური ნაწილი მკაფიოდ გამოჩნდეს. საბაზისო წერტილი ასევე იდენტური უნდა იყოს იმ წერტილისა, საიდანაც გადაიღეს ფოტო 1973 წელს.
გიორგი აბულაძე - „ჩემი პირველი საველე გასვლა ჭაუხებში, ხდის ხეობაში იყო. შემდეგ მარტომ დავიწყე სიარული, მყინვარებმა ძალიან გამიტაცა. 1960 წელს პირველად ტვიბერში, ჩვეულებრივი ტრაქეომეტრიული მეთოდით, ავგეგმე ტვიბერის მყინვარი“.
გიორგი გოცირიძის თქმით, ადრე სპეციალისტებს შედეგის მისაღწევად დიდი წვალება სჭირდებოდათ, დღეს ეს პროცესი გამარტივებულია, რადგან თუკი წლების წინ აპარატურა ზურგით დაჰქონდათ, ახლა ამის საჭიროება აღარ დგას - „საქმე გამარტივდა, მაგრამ მუშაობის ლოგიკა არ შეცვლილა. დღეს აქ ვერტმფრენით ამოვედით, აქვეა სამთო ქოხი, სადაც შეგვიძლია გავჩერდეთ, ადრე ასე არ იყო. ახლა მაქსიმალური სიზუსტით ვიღებთ გეოდეზიურ კოორდინატს, რომელიც ადრე ეროვნულ ქსელში არ იყო მიბმული... წარმოიდგინეთ, ძველი ხელსაწყოებით ამ სიზუსტის მიღწევას რა შრომა სჭირდებოდა, ზოგჯერ თვეები იყო საჭირო, დღეს ჩვენ ამ სამუშაოს რამდენიმე საათში მოვრჩებით“.
გიორგი აბულაძე იხსენებს, რომ წლების წინ აეროგადაღების მასალების გამოყენება ძალიან რთული იყო. ამ საქმეს ძირითადად სამხედროები ასრულებდნენ, მასალებს მხოლოდ 2-3 წლის მერე გაძლევდნენ, შესაბამისად, ინფორმაცია უკვე მოძველებული იყო და სინამდვილეს არ ასახავდა.
გიორგი გოცირიძე - „ახლა სადაც ვდგავართ, აქ 12 წლის წინ ყინული იყო, რამდენიმე მეტრიანი ყინული, რომელმაც უკან დაიხია. დღეს ამ არეალში მხოლოდ კლდეებია დარჩენილი. ეს გლობალური დათბობაა, კლიმატის ცვლილების პრობლემაა. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ ნალექების ტენბრუნვა შეიცვალა, ტემპერატურამ მოიმატა, წვიმის ხაზმა ზემოთ ამოიწია.“
ადამიანებს, ზოგ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი პრობლემები მაშინ აწუხებთ, როცა უშუალოდ მათ ეხებათ. ამიტომ გლობალური დათბობისადმი სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები ხშირად სვამენ კითხვას - რა კავშირშია ეს უშულოდ მათთან, ან ცუდი რა შეიძლება მოუტანოს მათ?
გიორგი გოცირიძისთვის ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - „ზოგიერთ ადგილას ისეთი პროცესები დაიწყება, რომლებიც აქამდე არ შეინიშნებოდა. მაგალითად, ღვარცოფები და მეწყრები. შემცირდება წყლის ხარჯი, თოვლყინულოვანი რესურსების მარაგი. ეს რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში წყალი გვქონდეს. მიკროკლიმატი, ფლორა, ფაუნა - ყველაფერი განიცდის ცვლილებას და ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს“.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუკი ადამიანები გლაციოლოგიით დაინტერესდებიან - „მყინვარებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო პროცესია, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორი ტენდენციებით მიმდინარეობს; მათ ცვლილებას ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, მაგრამ ბუნების კანონზომიერებას ვერ შევაჩერებთ“.
მყინვარების მოძრაობას გარემოს ეროვნული სააგენტო აკვირდება. ის დევდორაკის მყინვარის რეალურ მონიტორინგს 2016 წლიდან ახორციელებს. რა თქმა უნდა ამ მნიშვნელოვან საქმეში შვეიცარიელი მეგობრები და შვეიცარიის სახელმწიფო გვეხმარება.
ექსპედიციამ 4 საათს გასტანა. მზადაა ახალი ფოტოები, რომლებმაც აჩვენა, რომ 1973 წლიდან დღემდე გერგეტის მყინვარმა 1 კმ-ით დაიხია უკან (!), რაც საშუალოდ 21 მეტრია წელიწადში. სწორედ ეს არის სიმართლე გლობალური დათბობისა მითებს მიღმა!
სწორედ ეს მონაცემებია სიმართლე გლობალური დათბობის შესახებ, მითებს მიღმა.